2016

იმიტირებული პროცესის შეჯიბრი ადამიანის უფლებათა სამართალში 

14 და 15 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ადამიანის უფლებათა სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრის ზეპირი რაუნდები გაიმართა. მასში მონაწილეობა იმ ათმა გუნდმა მიიღო, რომლებმაც წერილობით განაცხადებში საუკეთესო შეფასებები მიიღეს. გუნდები ოთხი უნივერსიტეტიდან იყვნენ წარმოდგენილი, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, აკ.წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი.


 ზეპირ გამოსვლებში ყველა გუნდმა, როგორც მოპასუხე, ისე მოსარჩელე მხარე წარმოადგინა. ფინალში ერთმანეთს თავისუფალი უნივერსიტეტის ორი გუნდი დაუპირისპირდა და საბოლოოდ გამარჯვება გუნდმა „The Lawyers”-ს მოიპოვა.გამარჯვებული გუნდის წევრები არიან ზაზა ზანგურაშვილი, დავით ცისკარაშვილი და ლიკა კაპანაძე.


 გამარჯვებული გუნდის წევრები სტაჟირებას გაივლიან სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისში და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივაში" (GDI).ასევე,გუნდის ერთი წევრიმონაწილეობას მიიღებსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლაში.


 შეჯიბრში მეორე ადგილი დაიკავა გუნდმა „გრიფინდორი", რომლის წევრები არიან მარიტა მაზანიშვილი, გიორგი გვიმრაძე, თამარ გოგიბერიძე და ნინო ბენაშვილი.


 ზეპირი გამოსვლების შეფასებების საფუძველზე გამოვლინდა შეჯიბრის საუკეთესო მომხსენებელი. ეს ტიტული წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, გუნდის „Anonymous”წევრმა - ნინო ჩოჩიამ მოიპოვა. შედეგად, ის სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სასწავლო ვიზიტით დასაჩუქრდა.


 სერთიფიკატები, წიგნები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა შეჯიბრის ყველა მონაწილეს.


 იმიტირებულ სასამართლო პროცესებზე დავის საგანი იყო საქართველოს კანონის „თავისუფლების ქარტიის" მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ" ქვეპუნქტის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან. კანონის აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს თანამდებობრივ შეზღუდვებს ყოფილი სსრკ-ის და საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტების წევრების, რაიონული და საქალაქო კომიტეტების მდივნებისთვის.


   შეჯიბრში მონაწილეობისთვის სულ საქართველოს 12 უნივერსიტეტის 53 გუნდი დარეგისტრირდა. გუნდებს ორდღიანი ტრენინგი თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის აკადემიურმა გუნდმა ჩაუტარა.საკუთარი პოზიციების მომზადებისა და მსჯელობისას სტუდენტებმა გამოიყენეს,როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოების პრაქტიკა.


  იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრი ადამიანის უფლებათა სამართალში ორგანიზებული იყო თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (EWMI-PROLoG)და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით. შეჯიბრის პარტნიორები ასევე არიან: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI).


 ფოტო ალბომი