წესდება

ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი


წესდება

პრეამბულა

თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის (შემდგომში - „ინსტიტუტი") მიზანია, გახდეს წამყვანი აკადემიური ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც საკუთარ წვლილს შეიტანს ისეთი ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის განვითარებაში, რომელიც პატივს სცემს ყველა ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, აზრის მრავალფეროვნებას და პლურალიზმს და ყველა პიროვნების ღირსებასა და თანასწორობას.

ინსტიტუტი დაფუძნდა, რომ ემსახუროს სამართლის სტუდენტებს, პროფესორებს, პრაქტიკოს იურისტებს და საქართველოს იურიდიული სფეროს სხვა წწარმომადგენლებს, და ზოგადად, წვლილი შეიტანოს ქართული საზოგადოების განვითარებაში.

ინსტიტუტი მიზნად ისახავს ისეთი პლატფორმის შექმნას, რომელიც მოახდენს ადამიანის უფლებების სფეროში ადგილობრივი ადამიანური რესურსების კონსოლიდაციას და გააერთიანებს აკადემიურ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას.

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1

1.ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი დაფუძნებულია თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში.

2.ინსტიტუტი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დამოუკიდებელი, არაპოლიტიკური, აკადემიური და კვლევითი სტრუქტურული ერთეული.

3.ინსტიტუტის ოფიციალური დასახელებაა:

ქართულად - ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი;

ინგლისურად - National Institute for Human Rights.

4.ინსტიტუტს შეუძლია საკუთარი საქმიანობის განხორციელება, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

5.ინსტიტუტს უფლება აქვს ეწეოდეს დამხმარე ხასიათის საქმიანობას. ასეთი საქმიანობით მიღებული ყველა სახის შემოსავალი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ინსტიტუტის მიზნების მისაღწევად.

6.ინსტიტუტის იურიდიული მისამართია: დავით აღმაშენებლის ხეივანი #240, თბილისი, 0159, საქართველო.

7.ინსტიტუტს შეუძლია ჰქონდეს საკუთარი ლოგო, ემბლემა, დროშა და სხვა საიდენტიფიკაციო საშუალებები.

8.დანართები წარმოადგენს წესდების განუყოფელ ნაწილს.

თავი II

ძირითადი მიზნები და საქმიანობა

მუხლი 2

1.ინსტიტუტის ძირითადი მიზნებია:

ა) მაღალი ხარისხის განათლების უზრუნველყოფა ადამიანის უფლებათა სამართალში და მასთან დაკავშირებულ დისციპლინებში, მათ შორის საკონსტიტუციო სამართალი, საერთაშორისო სისხლის სამართალში, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამართალი;

ბ) ინტერდისციპლინური აკადემიური კვლევისთვის პლატფორმის შექმნა;

გ) ადამიანის უფლებათა აქტივისტების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, პრაქტიკოსი იურისტების, საქართველოს და რეგიონის უნივერსიტეტების შესაძლებლობების გაძლიერება;

დ) ადამიანის უფლებათა საკითხებზე ადვოკატირების და თანამშრომლობის გაძლიერებისთვის ხელის შეწყობა.

მუხლი 3

1.საკუთარი მიზნების მისაღწევად ინსტიტუტი:

ა) სტუდენტებს, პროფესორებს, პრაქტიკოსებსა და საზოგადოების სხვა წევრებს უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო და შესაძლებლობების განვითარებაზე ორიენტირებულ პროგრამებით;

ბ) წარმოადგენს იდეების გაცვლის ფორუმს ადამიანის უფლებებსა და მასთან დაკავშირებულ დისციპლინებზე[1] საქართველოში და საერთაშორისო დონეზე კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების, საჯარო დისკუსიების და კონკურსების ორგანიზების მეშვეობით;

გ) ახორციელებს აკადემიურ კვლევას, პოლიტიკის ანალიზს და სამართლებრივ ექსპერტიზას ადამიანის უფლებებში;

დ) შეიმუშავებს სასწავლო მასალას და სწავლების მეთოდებს ადამიანის უფლებათა სამართალში;

ე) ქმნის თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ადამიანის უფლებათა სამართლის სამაგისტრო პროგრამას;

ვ) ხელს უწყობს მასწავლებელთა განგრძობად პროფესიულ განათლებას;

ზ) თანამშრომლობს იურიდიული საზოგადოების, სამთავრობო ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან საქართველოში ადამიანის უფლებების განვითარების მიზნით.

თ) თანამშრომლობს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ.

2.მიზნების მისაღწევად, ინსიტუტი ყოველწლიურად ამტკიცებს პოლიტიკის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას.

მუხლი 4

ინსტიტუტს შეუძლია სხვა ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის წესებს და რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება ინსტიტუტის მიზნების მიღწევას.

თავი III

ინსტიტუტის სტრუქტურა

მუხლი 5

ინსტიტუტის სტრუქტურა შემდეგია:

-სამეთვალყურეო საბჭო;

-აღმასრულებელი კომიტეტი;

-აკადემიური დირექტორი და თანადირექტორ(ებ)ი;

-ადმინისტრაციული კოორდინატორი.

მუხლი 6

სამეთვალყურეო საბჭო

1.ინსტიტუტის უმაღლესი მმართველი ორგანოა სამეთვალყურეო საბჭო;

2.სამეთვალყურეო საბჭო შედგება სამი პირისგან: სამართლის სკოლის დეკანი, რექტორის მოადგილე და ცოდნის ფონდის დირექტორი;

3.სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია:

ა) ცვილებები შეიტანოს წინამდებარე წესდებაში;

ბ) დანიშნოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს აკადემიური დირექტორი/თანადირექტორი და ადმინისტრაციული კოორდინატორი და მეთვალყურეობა გაუწიოს მის საქმიანობას;

გ) დაამტკიცოს აღმასრულებელი კომიტეტის შემადგენლობა;

დ) დაამტკიცოს ინსტიტუტის პოლიტიკის სტრატეგიები, გეგმები, პროგრამები და პროექტები;

ე) დაამტკიცოს ინსტიტუტის წლიური ბიუჯეტი;

ვ) შეცვალოს და/ან შეწყვიტოს ინსტიტუტის საქმიანობა;

ზ) მიიღოს გადაწყვეტილება ინსტიტუტთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ საკითხზე;

თ) სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მოახდინოს მისი რომელიმე უფლებამოსილების დელეგირება ადმინისტრაციულ კოორდინატორზე და/ან აკადემიურ დირექტორზე/თანადირექტორზე, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული „ა", „ბ", „გ" და „დ" ქვეპუნქტებში მოცემული უფლებამოსილებებისა.

3.სამეთვალყურეო საბჭო უნდა შეიკრიბოს სულ მცირე წელიწადში ერთხელ. აკადემიური დირექტორი და/ან ადმინისტრაციული კოორდინატორი უფლებამოსილია მოითხოვოს სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე შეკრება.

4.სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ სხდომას ესწრება სამივე წევრი. გადაწყვეტილებები მიიღება ერთხმად. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა შეიძლება ჩატარდეს, როგორც წევრთა ფიზიკურად დასწრებით, ისე ტელეფონის ან ვიდეოკონფერენციის მეშვეობით (გადაწყვეტილების მიღებისას საბჭოს წევრების ტექნიკური საშუალებებით მონაწილეობა გულისხმობს მათ დასწრებას შეხვედრაზე).

მუხლი 7

აღმასრულებელი კომიტეტი

1.ინსტიტუტი ქმნის აღმასრულებელ კომიტეტს, რომელსაც კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციული კოორდინატორი;

2.აღმასრულებელი კომიტეტი არის ინსტიტუტის საკონსულტაციო ორგანო და შედგება ყველა დონორისგან, რომელსაც წვლილი შეაქვს ინსტიტუტის განვითარებაში და/ან რომელიც თანამშრომლობს ინსტიტუტთან;

3.ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ადამიანის უფლებათა მრჩეველს სამხრეთ კავკასიაში აქვს განსაკუთრებული თანამშრომლობა ინსტიტუტთან, ინსიტუტის დაფუძნებისას განხორციელებული ფინანსური მხარდაჭერისთვის;

4.აღმასრულებელი კომიტეტი უფლებამოსილია, რომ რეგულარულად:

ა) განიხილოს და მონიტორინგი გაუწიოს ინსტიტუტის გეგმებსა და ბიუჯეტს დონორების დაფინანსებით განხორციელებულ აქტივობებზე;

ბ) მიიღოს ანგარიშები იმ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე, რომლებიც დონორთა დაფინანსებით განხორციელდა;

5.დონორი და პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებიც წარმოდგენილი არიან აღმასრულებელ კომიტეტში უფლებამოსილი არიან წინასწარ იყვნენ ინფორმირებული ინსტიტუტის პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების შესახებ, ასევე მათ მანდატთან დაკავშირებული პროექტების იდეებსა და დაფინანსების შესაძლებლობებზე;

6.აღმასრულებელი კომიტეტი იკრიბება წელიწადში ერთხელ პირადად ან ვიდეო-კონფერენციის მეშვეობით. შეხვედრაზე ადმინისტრაციული კოორდინატორი ან აკადემიური დირექტორი პირადად უნდა იყვნენ წარმოდგენილნი, ისევე როგორც სამეთვალყურეო საბჭო უნდა იყოს წარმოდგენილი მისი ერთ-ერთი წევრის მიერ. ადმინისტრაციული კოორდინატორი და/ან აკადემიური დირექტორი უფლებამოსილია მოიწვიოს აღმასრულებელი კომიტეტის რიგგარეშე სხდომა.

მუხლი 8

ინსტიტუტის აკადემიური დირექტორი და თანადირექტორები

1.აკადემიური დირექტორი/თანადირექტორები განსაზღვრავენ ინსტიტუტის პოლიტიკის სტრატეგიის და ღონისძიებების განხორციელების აკადემიურ ნაწილს. კერძოდ, აკადემიური დირექტორი/თანადირექტორები:

ა) გეგმავენ აკადემიური/სასწავლო/კვლევითი ღონისძიებების ყველა კომპონენტს და პროექტებს, ასევე, ინსიტუტის პოლიტიკის სტრატეგიას და სამეთვალყურეო საბჭოს წარუდგენენ დასამტკიცებლად;

ბ) ადმინისტრაციულ კოორდინატორთან შეთანხმებით ამზადებენ განხორციელების სამოქმედო გეგმას.

გ) ადმინისტრაციულ კოორინდატორთან მჭიდრო თანამშრომლობით ურთიერთობას ამყარებენ დონორ ორგანიზაციებთან;

დ) წარმოადგენენ ინსტიტუტს საქართველოს გარეთ;

ე) უზრუნველყოფენ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას;

ვ) სამეთვალყურეო საბჭოს ან მისი ერთ-ერთი წევრის მოთხოვნოს შემთხვევაში წარადგენენ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშს;

ზ) ახორციელებენ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მინიჭებულ სხვა ფუნქციებს.

2.აკადემიურ დირექტორს/თანადირექტორებს აქვთ ინსტიტუტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.

მუხლი 9

ინსიტუტის ადმინისტრაციული კოორდინატორი

1. ინსტიტუტის ადმინსიტრაციული კოორდინატორი პასუხისმგებელია ინსტიტუტის ყოველდღიურ საქმიანობაზე. კერძოდ:

ა) მართავს ყოველდღიურ საქმიანობას;

ბ) აკადემიურ დირექტორთან შეთანხმების შედეგად, რეკომენდაციას უწევს თავისუფალ უნივერსიტეტს ექსპერტების და/ან კონსულტანტების დაქირავების ან სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ;

გ) უზრუნველყოს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებების სათანადოდ შესრულებას;

დ) ამზადებს ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტს და წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად;

ე) მართავს ინსტიტუტის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს დამტკიცებული წლიური ბიუჯეტის შესაბამისად;

ვ) აკადემიურ დირექტორთან შეთანხმებით, წყვეტს კონკრეტული საქმიანობისთვის წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა დამატებით თანხის გამოყოფის საკითხს, როდესაც დაფინანსების ასეთი გაზრდა გამომდინარეობს ინსტიტუტის ეფექტური საქმიანობის მიზნებიდან. ასეთი საქმიანობისთვის დაფინანსების ზრდა არ უნდა აღემატებოდეს ინსიტუტის წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო ხარჯების/ფინანსური ვალდებულებების 10%-ს. ასეთ შემთხვევებზე, ადმინისტრაციულმა კოორდინატორმა უნდა აცნობოს სამეთვალყურეო საბჭოს რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა;

ზ) აკადემიური დირექტორის თანხმობით, წყვეტს ისეთი ღონისძიების ორგანიზების საკითხს, რომელიც არ არის გათვალისწინებული ინსტიტუტის წლიური ბიუჯეტით, მაგრამ საჭიროა მისი ფუნქციების ეფექტურად განხორციელებისთვის და რომლის განხორციელებაც იწვევს ინსტიტუტის ფინანსურ ვალდებულებას ან დანახარჯს 3000 ლარამდე ოდენობით. ზემოხსენებულის მიუხედავად, ასეთი საქმიანობის საერთო ღირებულება 12 თვის მანძილზე არ უნდა აღემატებოდეს 10000 ლარს.

თ) მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგენს ანგარიშებს სამეთვალყურეო საბჭოს და/ან აკადემიურ დირექტორს/თანადირექტორს;

ი) ახორციელებს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას;

კ) ახორციელებს სხვა ფუნქციებს, რომელიც არ შედის სამეთვალყურეო საბჭოს და/ან აკადემიური დირექტორის/თანადირექტორების უფლება-მოვალეობებში.

თავი IV

ინსტიტუტის დაფინანსების წყაროები

მუხლი 10

1.ინსიტუტის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს ნებისმიერი კანონიერი გზით მიღებული დაფინანსება, მათ შორის:

ა) თავისუფალი უნივერსიტეტის შემოწირულობა/შენატანი;

ბ) შემოწირულობები და გრანტები;

გ) დამატებითი ღონისძებების განხორციელების შედეგად მიღებული შემოსავალი;

დ) სხვა დაფინასნება, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.

2.ინსტიტუტი წარმოადგენს თავისუფალი უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს, არ არის კომერციული ხასიათის, მის მიზნებს არ წარმოადგენს შემოსავლის მიღება და არ იხდის დივიდენებს ან ახდენს თანხის მსგავს განაწილებას მესამე მხარესთან. ინსტიტუტის მიერ მიღებული ნებისმიერი თანხა უნდა მოხმარდეს მის მიმდინარე ან მომავალ საქმიანობას.

თავი V

რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

მუხლი 11

ინსტიტუტის რეორგანიზაცია და/ან დახურვა უნდა მოხდეს თავისუფალი უნივერსიტეტის რეგულაციების/შიდა აქტების და შესაბამისი კანონის საფუძველზე.

თავი VI

დამტკიცება და ძალაში შესვლა

მუხლი 12

ინსტიტუტის წესდება ძალაში შედის თავისუფალი უნივერსიტეტის შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ.

 



[1] როგორიცაა კონსტიტუციური სამართალი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, საერთაშორისო სისხლის სამართალი, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამართალი და ა.შ.