ზამთრისა და ზაფხულის სკოლები

2018-09-13
საზაფხულო სკოლა „პროპორციულობის პრინციპი თანასწორობის უფლების პრაქტიკაში"

13 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დასრულდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთობლივი საზაფხულო სკოლა „პროპორციულობის პრინციპი თანასწორობის უფლების პრაქტიკაში".
დახურვის ცერემონიაზე სკოლის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ. მან მონაწილეებს მიულოცა სკოლის წარმატებით დასრულება, უსურვა წინსვლა პროფესიულ საქმიანობაში და სტუდენტებს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.

სტუდენტებს ასევე მიმართეს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ნათია ხანთაძემ და ვოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა ქრეიგ მარტინმა.  

საზაფხულო სკოლა 4 დღეს გაგრძელდა და მასში მონაწილეობას იღებდა 5 უნივერსიტეტის 30 სტუდენტი. სკოლის ფარგლებში მიმოხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა მე-14 მუხლთან მიმართებაში; „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მე-14 მუხლთან მიმართებაში; აშშ-ს და კანადის სასამართლოების პრაქტიკა.

საზაფხულო სკოლის ლექციებს უძღვებოდნენ: ადამიანის უფლებათა სამართლის ექსპერტი ეკატერინე ლომთათიძე, საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან მაისურაძე, სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დავით ზედელაშვილი და მოწვეული ლექტორი - ვოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი ქრეიგ მარტინი.

საზაფხულო სკოლა ჩატარდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID/PROLoG) პროგრამის ფარგლებში. სკოლა, ასევე, მხარდაჭერილი იყო GIZ-ის „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების" პროგრამის მიერ.