არქივი

2018-07-20
სასამართლოს მეგობრის პოზიციის პრეზენტაცია

სასამართლოს მეგობრის პოზიციის პრეზენტაცია

2018 წლის 18 ივლისს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართა სასამართლოს მეგობრის პრეზენტაცია. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის მიერ საკონსტიტუციო კლინიკის ფარგლებში მომზადებული სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარდგენილ იქნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდისა" და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის"კონსტიტუციურ სარჩელებზე. დავის საგანი ეხება სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით.

ამიკუსზე მუშაობდნენ თბილისის თავისუფალი უნივიერსიტეტის და ვოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები, ხოლო კვლევას ხელმძღვანელობდა თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი - ანა ჭიაბრიშვილი და ვოშბორნის უნივერსიტეტის პროფესორი ბილ რიჩი.

პრეზენტაციის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის, 44-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისობის საკითხი კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

სადავო ნორმები ეხება განსაკუთრებულად სენსიტიურ მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას, როგორიცაა ნასამართლობა ან დაზარალებულად ცნობა, რისი გაცემაც არ შეიძლება შესაბამისი პირის თანხმობის გარეშე. აღნიშნულის საფუძველზე, სასამართლოები დაინტერესებულ პირებს სასამართლო გადაწყვეტილებებს აძლევენ დეპერსონალიზებული სახით ან თუ ამითაც ვერ ხდება, პროცესის მონაწილეების იდენტიფიცირების რისკის გამორიცხვა, საერთოდ უარს ამბობენ შესაბამისი ინფორმაციის გაცემაზე. სასამართლოს მეგობრის მოსაზრების თანახმად, აღნიშნული მიანიშნებს პერსონალური მონაცემების დაცვისთვის უპირობო უპირატესობის მინიჭებას, რაც არ შეესაბამება ინფორმაციის თავისუფლების დაცვის კონსტიტუციურ მოთხოვნებს და ბალანსის მიღწევის საჭიროებას ინფორმაციის თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას შორის.

ამიკუსის პრეზენტაციას დაესწრო 41 ადამიანი, რომელთაგან უმეტესობა იყო სტუდენტი. პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

სასამართლოს მეგობრის პრეზენტაციაჩატარდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის"კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG) ხელშეწყობით.