არქივი

2017-11-19
ადამიანის უფლებათა სამართალში სტუდენტური შეჯიბრი

18 და 19 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ადამიანის უფლებათა სამართალში სტუდენტური შეჯიბრის ზეპირი რაუნდები გაიმართა. შეჯიბრის შესარჩევ ეტაპზე 8 გუნდმა მიიღო მონაწილეობა, რომლიდანაც ფინალში ერთმანეთს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეჯიბრის გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი " LUX LIBERTAS,, გახდა. გამარჯვებული გუნდის წევრი გულიკო მაჭარაშვილი სტაჟირებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, თამარ ონიანი და გიორგი ალავერდაშვილი კი სტაჟირებას არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივაში" (GDI) გაივლიან. შეჯიბრში მეორე ადგილი დაიკავა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა „the lawyers", რომლის წევრები ზაზა ზანგურაშვილი, დავით ცისკარაშვილი, ლიზა ანასაშვილი და ლაშა მაჭავარიანი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლაში, შეჯიბრის საუკეთესო მომხსენებელთან, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტ თეიმურაზ სვანიძესთან ერთად, მიიღებენ მონაწილეობას. შეჯიბრი ორგანიზებული იყო თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთმართვის ინსტიტუტის პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (EWMI-PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით. შეჯიბრის პარტნიორები არიან: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI)