არქივი

2015-02-22
ანგარიში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებების შესრულების შესახებ

ადამიანის უფლებების ეროვნულმა ინსტიტუტმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან და ადამიანის უფლებების პრიორიტეტთან ერთად, მოამზადა ანგარიში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ 2009 წლის ნოემბერში მიღებული რეკომენდაციის შესახებ.

 

რეკომენდაცია მოუწოდებდა რუსეთის ფედერაციას, პატივი ეცა ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებებისათვის და ასევე, მათი დარღვევის შემთვევაში, მიეღო სათანადო ზომები, მათ შორის ეფექტურად გამოეძიებინა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები. რეკომენდაციაში ასევე ხაზი გასვა იმ გარემოებას, რომ რუსეთი პასუს აგებდა სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე, რადგან აღნიშნული ტერიტორია მისი ეფექტური კონტროლის ქვეშ არის.

 

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წესების თანახმად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ წარადგინონ ე.წ. ალტერნატიული ანგარიში თუ რამდენად ასრულებს სახელმწიფო კომიტეტის რეკომენდაციებს. სწორედ აღნიშნული პროცედურის შესაბამისად მომზადდა ეს ალტერნატიული ანგარიში.

 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 16 მარტს რუსეთის ფედერაცია თავისი პერიოდულ ანგარიშით წარსდგება ადამიანის უფლებათა კომიტეტის წინაშე. იმედს ვიტოვებთ, რომ კომიტეტი რუსეთის შეფასებისას გაითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.