არქივი

2015-01-14
სიტყვის თავისუფლების ფუძემდებლური სასამართლო გადაწყვეტილებები

სიტყვის თავისუფლება და დემოკრატიული საზოგადოება: მოსამართლე ბრანდაისის თანმხვედრი აზრი საქმეზე 

უიტნი კალიფორნიის წინააღმდეგ


თანამედროვე პოლიტიკურ და სამართლებრივ აზროვნებაში სიტყვის თავისუფლების სასიცოცხლოდ აუცილებელი კავშირი დემოკრატიული საზოგადოების არსებობასთან უკვე თითქმის საყოველთაოდაა აღიარებული. თუმცა, სიტყვის თავისუფლების გამართლების დემოკრატიულ თეორიას საკუთარი ადგილი საკონსტიტუციო მართლმსაჯულებაში ადვილად არ მოუპოვებია.


უიტნის საქმე ამ განვითარების კარგი მაჩვენებელია ამერიკის საკონსტიტუციო იურისპრუდენციის მაგალითზე. მოსარჩელე- ქალბატონი უიტნი აგებს საქმეს ამერიკის უზენაეს სასამართლოში. სასამართლო ძალაში ტოვებს კალიფორნიის შტატის სასამართლოების მიერ ქალბატონი უიტნის, კალიფორნიის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მსჯავრდებას „დანაშაულებრივი სინდიკალიზმის" სწავლებისთვის. მოსამართლე ლუის ბრანდაისი ეთანხმება სასამართლოს უმრავლესობას, რომ უიტნის მსჯავრდება ძალაში უნდა დარჩეს, იმ საფუძვლით, რომ უზენაეს სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება იმსჯელოს იმ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც ქვემდგომ სასამართლოებს არ განუხილავთ.


ის რაზეც არც ქვემდგომ სასამართლოებს უმსჯელიათ და არც მოსარჩელეს უდავია „აშკარა და იმწუთიერი საფრთხის" კონსტიტუციური სტანდარტია, რომელსაც ჯერ მხოლოდ ბრანდაისი და მისი კოლეგა ოლივერ ვენდელ ჰოლმსი ავითარებენ საკუთარ, იმ დროისათვის მარგინალურ სასამართლო მოსაზრებებში. ქვემდგომი სასამართლოები ვერ იმსჯელებდნენ სტანდარტზე, რომელიც უზენაესი სასამართლოს მიერ არ იყო აღიარებული. ბრანდაისი ამ მარტივ ფაქტს გვერდს უვლის და არ უშვებს შანსს კიდევ ერთხელ დამაჯერებლად ჩამოაყალიბოს სიტყვის თავისუფლების მისეული კონსტიტუციური დოქტრინა და „აშკარა და იმწუთიერი საფრთხის" სტანდარტი. უიტნის თანმხვედრ აზრში, ბრანდაისი ასევე გაკვრით მიანიშნებს სასამართლოს უმრავლესობის დასაბუთებასთან კონფლიქტზე, მაშინ როცა, გონიერი მკითხველისთვის თანმხვედრი და სასამართლოს უმრავლესობის აზრების სიტყვის თავისუფლების დოქტრინებს შორის უფსკრული ერთი შეხედვითვე ცხადია.


ბრანდაისმა და ჰოლმსმა კარგად იციან, რომ მათი კოლეგების უმრავლესობა არ იზიარებს მათ პოზიციას. თუმცა, სიტყვის თავისუფლების შესახებ საკუთარი თეორია მათ უმყარებს რწმენას, რომ მათი გონივრული დასაბუთება ადრე თუ გვიან გაიმარჯვებს „იდეათა იმ დიდ ბაზარზე", რომელსაც დემოკრატიული საზოგადოება ჰქვია. მართლაც, სულ რამდენიმე დეკადის შემდეგ, როცა არც ბრანდაისი და არც ჰოლმსი მოსამართლეები აღარ იქნებიან, მათი მომავალი კოლეგები მათ განსხვავებულ და თანმხვედრ აზრებში გაბნეულ სიტყვის თავისუფლების გამართლებას შეერთებული შტატების ოფიციალურ კონსტიტუციურ დოქტრინად აქცევენ.


თითქმის ერთი საუკუნის შემდეგაც, ბრანდაისის თანმხვედრ აზრში განვითარებული სიტყვის თავისუფლების გამართლება, ისევე რელევანტურია დღეს უკვე გლობალური კონსტიტუციური დემოკრატიებისთვის, როგორც ის მაშინდელი ამერიკისთვის იყო. მოკლე წინადადებებსა და პარაგრაფებში, ბრანდაისი არა მხოლოდ წამოჭრის დემოკრატიული საზოგადოებების წარუვალ პრობლემებსა და შიდა წინააღმდეგობებს, არამედ უშიშრად ფიქრობს და მსჯელობს მათზე. დემოკრატიული საზოგადოებების დილემაზე გაავლონ შემწყნარებლობის ზღვარი საკუთარი სასიკვდილო მტრების მიმართ, დემოკრატიული იდენტობისა და პრინციპების შეწირვის გარეშე, დემოკრატიული წესრიგის შიგნიდან ჩამოშლის შიშზე და სიტყვის თავისუფლებაზე, როგორც ერთდროულად პრობლემის წყაროსა და პრობლემის გადაწყვეტაზე, ბრანდაისის მსჯელობები არანაკლებ დროული და მნიშვნელოვანია დღეს, გლობალური ტერორიზმისა და საერთაშორისო წესრიგის სხვადასხვა სახის რევიზიონიზმის საფრთხეების პირობებში, ვიდრე 1927 წელს, სტალინური და ნაცისტური ტოტალიტარიზმის აღმავლობის ეპოქაში.


მოსამართლე ბრანდაისის თანმხვედრი აზრი საქმეზე უიტნი კალიფორნიის წინააღმდეგ